ვიეტნამში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა
ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან ტაიფუნი „იაგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 150-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ადგილობრივ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით Deutsche Welle ავრცელებს.
სინოპტიკოსების განცხადებით, ჰანოის წითელ მდინარეში წყლის დონემ ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.
„ხალხი გადაგვყავს საჯარო შენობებში, რომლებიც დროებით თავშესაფრებად არის გადაკეთებულ, ან მათ შეუძლიათ ნათესავებთან დარჩენა. ძალიან ბევრი წვიმა მოვიდა და წყალი სწრაფად მატულობს“, - განუცხადა AFP-ს ჰანოის პოლიციის ოფიცერმა.
სახელმწიფო მედიის ცნობით, ტაიფუნმა ქვეყნის მთიან სოფელ ლანგ ნუში, სადაც 35-მდე ოჯახი ცხოვრობდა, მეწყერიც გამოიწვია. 10 სექტემბერს მომხდარ მეწყერს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ხელისუფლება ძალების მობილიზებას ახორციელებს მეწყრულ ზონასთან მისასვლელად, რათა გადარჩენილთა ძებნა განაგრძონ.
მთავრობის შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 140 ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.