Loading data...
„ვიდრე შევთანხმდებით, რუსეთის ჯარი უკვე როტერდამში იქნება“ - რატომ აკრიტიკებს რუტე ევროპული არმიის იდეას

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ერთიანი ევროპული შეიარაღებული ძალების შექმნა, შესაძლოა, საზიანო იყოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, რადგან ალიანსთან და ეროვნულ არმიებთან ერთობლივი ნაბიჯების კოორდინაციას დიდი დრო დასჭირდება, - ამის შესახებ მან ბერლინში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 72-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუტემ განმარტა, რომ ის ევროპული არმიის შექმნის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ თუ ეს ინიციატივა განხორციელდება, მიზანშეწონილად მიიჩნევს ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული არმიების გაუქმებას.

„ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ თუ არსებობს ევროპული შეიარაღებული ძალები, მაშინ არ შეიძლება არსებობდეს ეროვნული შეიარაღებული ძალები. შეერთებულ შტატებს ჰყავს ერთიანი შეიარაღებული ძალები. არ არსებობს ცალკე არმია ან საზღვაო ძალები ნიუ-იორკის შტატისთვის ან კალიფორნიის შტატისთვის. ეს არის შეერთებული შტატების ერთიანი ინტეგრირებული შეიარაღებული ძალები. თუ ევროპა შეძლებს ამის განხორციელებას, შესანიშნავია“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

თავისი პოზიციის ასახსნელად, რუტემ შესთავაზა წარმოედგინათ ევროპის ქვეყნებზე რუსეთის თავდასხმის პოტენციური სცენარი და ის, თუ როგორ უპასუხებდნენ ამას ნატოს ჯარები, ეროვნული არმიები და ევროკავშირის საერთო შეიარაღებული ძალები, მათი შექმნის შემთხვევაში.

მისი თქმით, სამხედრო გადაწყვეტილებების კოორდინაციას კვირები დასჭირდება და ამ დროის განმავლობაში რუსეთი ნიდერლანდებამდე წინსვლას შეძლებს.

„პუტინის თავდასხმის შემთხვევაში, ჩვენ ორი-სამი კვირა დაგვჭირდება იმის შესათანხმებლად, თუ ვინ რაზეა პასუხისმგებელი და მანამდე ის, სავარაუდოდ, როტერდამში იქნება, სანამ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს არის ჩემი არგუმენტი. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ევროპული არმიის შექმნასთან დაკავშირებით პრინციპული წინააღმდეგობა არ არსებობს, თუმცა, ვიმეორებ, არ მგონია, ეს უახლოეს მომავალში მოხდეს“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

რუტემ დასძინა, რომ მისი აზრით, ნატოსა და ევროკავშირს შორის კოორდინაცია და პასუხისმგებლობების განაწილება ამჟამად „ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული“.