ვეტერანი ინდოელი პოლიტიკოსი აჯიტ პავარი ავიაკატასტროფაში დაიღუპა
ინდოეთის მაჰარაშტრას შტატის პრემიერ-მინისტრის მოადგილე აჯიტ პავარი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. მასთან ერთად ბორტზე კიდევ ოთხ ადამიანი იმყოფებოდა. არცერთი მათგანი არ გადარჩენილა. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.
პავარი, მაჰარაშტრას გავლენიანი პოლიტიკოსი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მშობლიურ რეგიონში მიემგზავრებოდა.
სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატის ცნობით, Bombardier Learjet 45 თვითმფრინავში, რომელიც მცირე ბიზნესტიპის თვითმფრინავია, პავარის გარდა მისი ორი თანამშრომელი და ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი მუმბაიდან ბარამატიში მიფრინავდა და ბარამატის აეროპორტში დაშვების მცდელობისას ჩამოვარდა.
ავიაკატასტროფის მიზეზი ოფიციალურად ჯერჯერობით უცნობია. პავარის მშობლიურ შტატ მაჰარაშტრაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ინდოეთის ავიაციის მარეგულირებლის განცხადებით, თვითმფრინავი Bombardier Learjet 45 ინდოეთში ჩარტერული რეისებისა და VIP მოგზაურობისთვის გამოიყენება.
ვინ იყო აჯიტ პავარი?
პავარი ნაციონალისტური კონგრესის პარტიის (NCP) დამფუძნებელი ვეტერანი პოლიტიკოსის შარად პავარის ძმისშვილი იყო.
მისი პოლიტიკური კარიერა ათწლეულებს ითვლიდა და ის რამდენჯერმე მაჰარაშტრას შტატის მთავარი მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. რამდენიმე წლის წინ ის ბიძის პარტიას გამოეყო და საკუთარი პარტია დააარსა, რომელიც ინდოეთის საარჩევნო კომისიამ მოგვიანებით ოფიციალურად აღიარა, როგორც NCP.