Loading data...
ვენსის თქმით, უკრაინელი ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ დონეცკის ოლქს დაკარგავენ, თუმცა ეს საკითხი მოლაპარაკებებში მთავარ დაბრკოლებად რჩება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში „გარღვევა“ მოხდა, თუმცა დასძინა, რომ ამჟამად დანამდვილებით არ შეუძლია იმის თქმა, შესაძლებელია თუ არა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება. UnHerd-თან ინტერვიუში მან ასევე გაამხილა მოლაპარაკებებში არსებული მთავარი პრობლემური საკითხები.

კერძოდ, ვენსის თქმით, მოლაპარაკებებში ჩართული პირებისგან განახლებული ინფორმაცია მიიღო და ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გარღვევა ის არის, რომ ყველა საკითხი ახლა ღიად განიხილება“.

რაც ჩვენ ვნახეთ უკრაინელებისა და რუსების მხრიდან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, არის რეალური გაგება იმისა, თუ რა არ განიხილება და რა განიხილება“, - აღნიშნა მან.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებებში პროგრესია, ვენსმა ბუნდოვანი პასუხი გასცა კითხვას მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობის შესახებ. 

„დღეს აქ ჯდომისას დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ მშვიდობიან გადაწყვეტას მივაღწევთ. ვფიქრობ, დიდი შანსია, რომ მივაღწევთ და დიდი შანსია, რომ არა“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. 

ტერიტორიების საკითხი

ვენსმა აღნიშნა, რომ რუსებს დონეცკის ოლქის კონტროლი სურთ, თუმცა უკრაინელები ამას სერიოზულ უსაფრთხოების პრობლემად მიიჩნევენ.

ამავდროულად, მისი თქმით, უკრაინის წარმომადგენლები არაოფიციალურ საუბრებში აღიარებენ, რომ „საბოლოოდ, სავარაუდოდ, დონეცკის ოლქს დაკარგავენ - მაგრამ, მოგეხსენებათ, საბოლოო ჯამში: ეს შეიძლება 12 თვეში მოხდეს, ან შეიძლება მოგვიანებითაც“.

ამიტომ, ვენსის თქმით, ტერიტორიული დათმობის საკითხი მოლაპარაკებების გზაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს.

სხვა საკამათო საკითხები

ვენსმა ასევე განაცხადა, რომ განსახილველ საკითხებს შორის რჩება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები უკრაინელების სტატუსი, ასევე, უკრაინის აღდგენის საკითხი.

„ვინ აკონტროლებს [ზაპოროჟიეს] ატომურ ელექტროსადგურს? შესაძლებელია თუ არა მისი ერთობლივი კონტროლი? უნდა აკონტროლებდეს თუ არა მას ერთი, ან რამდენიმე მხარე? რა მოუვა საბოლოოდ უკრაინაში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებს? რა მოუვათ ეთნიკურ უკრაინელებს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთში არიან? უკრაინელებს, რომლებიც ამჟამად [რუსეთის მიერ ოკუპირებულ] ტერიტორიაზე იმყოფებიან, მაგრამ უკრაინაში ცხოვრება სურთ?“, - დასძინა ვენსმა.