ვენსი: ორბანი დაგვეხმარა, გაგვეგო, თუ რა სჭირდებათ რუსებს და უკრაინელებს მშვიდობისთვის
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე უნგრეთში ვიზიტის დროს შეაქო პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით. ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვენსის თქმით, ორბანმა რუსეთ-უკრაინის ომთან და, რაც მთავარია, ამ ომის დასრულების გზებთან დაკავშირებით სწორი მიდგომა გამოიჩინა.
„ვიქტორი დაგვეხმარა, გაგვეგო, თუ რა სჭირდებათ რუსებს და უკრაინელებს მშვიდობისთვის“, - აღნიშნა მან.
ვენსმა დასძინა, რომ ბუდაპეშტში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტზე ყველა მხარეს შეეძლო, მშვიდობისთვის რამე მნიშვნელოვანი გაეკეთებინა.
თავის მხრივ, ორბანმა განაცხადა, რომ ჯ.დ. ვენსთან შეხვედრაზე ასევე განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც, მისი თქმით, მტკივნეული თემაა.
„ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვსაუბრობთ ორ ქრისტიანულ ქვეყანას შორის ომზე... და ისიც ევროპის ტერიტორიაზე“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ორბანმა განაცხადა, რომ ის ამ მხრივ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას დიდად აფასებს. მან აღნიშნა, რომ ამერიკა მშვიდობის მხარეს დგას, მაშინ, როცა უნგრელები უკრაინაში ომში იღუპებიან.
ორბანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი კვლავ მზადაა, უმასპინძლოს მშვიდობის სამიტს შეერთებული შტატებისა და რუსეთის მონაწილეობით.