Loading data...
ვენსი: ქნესეთში დასავლეთ სანაპიროს ანექსიის შესახებ კენჭისყრა „ძალიან სულელური“ იყო

ისრაელში ორდღიანი ვიზიტის შემდეგ, ბენ გურიონის აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ. დ. ვენსმა განაცხადა, რომ ქნესეთში [ისრაელის საკანონმდებლო ორგანოში] წინა დღეს დასავლეთ სანაპიროს ანექსიის შესახებ წინასწარი კენჭისყრა მისთვის შეურაცხმყოფელი და „ძალიან სულელური“ იყო.

კენჭისყრა „უცნაური“ იყო, აღნიშნა მან კითხვის საპასუხოდ და დასძინა, რომ „ამით, გარკვეულწილად, დაბნეული“ იყო.

ვენსის თქმით, მას უთხრეს, რომ ეს „პოლიტიკური ტრიუკი“ და „წმინდად სიმბოლური“ იყო, თუმცა ეს „ძალიან სულელური პოლიტიკური ტრიუკი იყო და პირადად მე ამას შეურაცხყოფად აღვიქვამ“.

„დასავლეთ სანაპიროს ისრაელი არ დაიპყრობს. ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაა, რომ დასავლეთ სანაპიროს ისრაელი არ დაიპყრობს. ეს ჩვენი პოლიტიკა იქნება და თუ ხალხს სიმბოლური ხმების მიღება სურს, მათ ამის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვიყავით კმაყოფილები ამით“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კითხვას ვენსმა შემდეგნაირად უპასუხა: „ამჟამად შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ისრაელი და „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პატივს სცემენ“. 

„არსებობს გამონაკლისები. არსებობს მცირე გამონაკლისები, რომლებიც აქა-იქ იჩენს თავს. ეს მოსალოდნელი იყო, როდესაც ეს მხარეები ორი წლის განმავლობაში ომში იმყოფებოდნენ. თუმცა ჯერჯერობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეალურად შენარჩუნებულია, მშვიდობა რეალურად შენარჩუნებულია და ახლა ვცდილობთ, გავიგოთ, როგორ შევინარჩუნოთ ის გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნა ვენსმა.

„ჩვენი გზავნილია - გააკეთეთ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, იმუშავეთ ჩვენთან ერთად, რათა ეს მშვიდობა შენარჩუნდეს“, - მიმართა მან ისრაელს.

მისივე თქმით, საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი ძალები „ახლა „ჰამასის“ განიარაღების საქმეში წამყვან როლს შეასრულებს“.

„ამას გარკვეული დრო დასჭირდება და ეს დიდწილად ამ ძალის შემადგენლობაზე იქნება დამოკიდებული. არსებობს გარკვეული ქვეყნები, რომლებიც, მე მოველი, რომ საკმაოდ კარგად გამოავლენენ თავს ამ საქმეში და არიან სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც შეუძლიათ როლის შესრულება, მაგრამ, არა მგონია, რომ ისინი ისეთივე სასარგებლოები იყვნენ. თუმცა ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ძალები ჩაერთვებიან რეალურად და როგორ შევძლებთ სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზის განხორციელებას“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

„ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია, ავიღოთ ტელეფონი და დავურეკოთ „ჰამასს“, სულ მცირე, შუამავლის მეშვეობით, როცა გვინდა“, - აღნიშნა ვენსმა, როდესაც ჰკითხეს, იყო თუ არა ბოლო დროს საუბრები ტერორისტულ დაჯგუფებასთან.

„მაგრამ ჩვენი კომუნიკაციის უმეტესი ნაწილი სპარსეთის ყურის არაბ მეგობრებთან და, რა თქმა უნდა, ისრაელის მხარესთან იყო იმის შესახებ, თუ როგორი იქნება ეს საერთაშორისო უსაფრთხოების ძალა. ეს, პირველ რიგში, „ჰამასთან“ საუბარი არ არის. ეს არის საუბარი ჩვენს, საუდის არაბეთის წარმომადგენლებს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარელებს და სხვა მეგობრებს შორის, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით ჩაერთვებიან ამაში“, - დასძინა მან.