ვენსი: დადგა მომენტი, როდესაც საომარი მოქმედებების შეწყვეტა როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ინტერესებშია, პრეზიდენტ ტრამპს მხოლოდ „კარის გაღება“ შეუძლია; მას არ შეუძლია, აიძულოს რომელიმე მხარე, მასში შევიდეს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის დასრულების პროგნოზირება რთულია, თუმცა დადგა დრო, როდესაც საომარი მოქმედებების დასრულება როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ინტერესებშია. მან ეს მოსაზრება Pod Force One-ის არხთან ინტერვიუში გამოთქვა.
როდესაც უკრაინაში ომის დასრულების შესაძლო თარიღთან დაკავშირებით ჰკითხეს, ვენსმა აღნიშნა, რომ ექვსი თვის წინ ამ კითხვას ასე უპასუხებდა: „ისინი არასდროს შეწყვეტენ ბრძოლას, ეს რუსეთის ვიეტნამს დაემსგავსება, ისინი 15 წლის შემდეგაც იბრძოლებენ“.
„ერთი თვის წინ რომ გეკითხათ, გიპასუხებდით: „წარმოუდგენელ პროგრესს მივაღწიეთ“... პროგნოზების გაკეთება რთულია. თუმცა, ვფიქრობ, ორივე მხარისთვის სარგებლის შემცირების წერტილს მივაღწიეთ“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ტერიტორია, რომელსაც რუსები იპყრობენ, უკიდურესად მცირეა და „ამ პროცესში ისინი უამრავ ადამიანს კარგავენ“. ამავდროულად, ვენსის მტკიცებით, უკრაინელები „ასევე მრავალი პრობლემისგან იტანჯებიან“, განსაკუთრებით კი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მხრივ.
„რა თქმა უნდა, მათაც ბევრი დაღუპული ჰყავთ ომში. ჩვენ ნამდვილად გვჯერა, რომ დადგა მომენტი, როდესაც საომარი მოქმედებების შეწყვეტა როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის ინტერესებშია. პრეზიდენტს [აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს] მხოლოდ „კარის გაღება“ შეუძლია; მას არ შეუძლია, აიძულოს რომელიმე მხარე, მასში შევიდეს“, - აღნიშნა ვენსმა.