Loading data...
ვენსი აცხადებს, რომ „სამშვიდობო წინადადებები“ უკვე წარდგენილია და მომდევნო 100 დღის განმავლობაში აშშ რუსეთისა და უკრაინის დაახლოებაზე ძალიან ბევრს იმუშავებს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის „ძალიან დიდი უფსკრული“ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ ისინი ომის დასრულებას და, შესაბამისად, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია იმუშავებს, რათა „შეეცადოს, მხარეები დააახლოოს“. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვენსს რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვეს, რაზეც მან უპასუხა, რომ „რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მოგვარების პირველი და აუცილებელი ნაბიჯი ორივე მხარის მიერ სამშვიდობო წინადადების წარდგენაა“.

„და ეს უკვე მოხდა. უკრაინელებმა თქვეს: „ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა“. რუსებმა თქვეს: „ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა“. და ახლა დიპლომატიაზეა დამოკიდებული, რომ ეს ორი მხარე ერთმანეთს დააახლოოს, რადგან უზარმაზარი განსხვავებაა რუსებისა და უკრაინელების სურვილებს შორის“, - აღნიშნა ვენსმა.

მან დასძინა, რომ „სამშვიდობო წინადადებები“ უკვე წარდგენილია და რომ ტრამპის პრეზიდენტობის მომდევნო 100 დღის განმავლობაში მისი ადმინისტრაცია „ძალიან ბევრს იმუშავებს მხარეების დაახლოებაზე“.