Loading data...
ვენესუელის ლიდერმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „სრულფასოვან დემოკრატიაზე“ გადასვლის პროცესის ფარგლებში ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა დელსი როდრიგესმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში, „სრულფასოვან დემოკრატიაზე“ გადასვლის პროცესის ფარგლებში, არჩევნები ჩატარდება, თუმცა კენჭისყრის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

„მინდა, გენერალურ ასამბლეაზე ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადო: ვენესუელაში არჩევნები ჩატარდება“, — განაცხადა როდრიგესმა, რომელიც ხელისუფლებაში მას შემდეგ მოვიდა, რაც ამერიკულმა ძალებმა იანვარში განხორციელებული რეიდის დროს ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავეს.

როდრიგესმა განაცხადა, რომ მთავრობამ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები დაიწყო და ყველა პოლიტიკური ძალის მონაწილეობას უზრუნველყოფს. მან დასძინა, რომ საარჩევნო პროცესისთვის ეროვნული ინსტიტუტები მზადების პროცესში არიან. 

„ვენესუელამ წამოიწყო დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესი საკუთარი აღორძინებისთვის - პროცესი, რომელიც მოწესრიგებული, ინსტიტუციური და გადამოწმებადია. ეს კი მიზნად ისახავს ისეთი ქვეყნის შენებას, რომელიც ყველასთვის უფრო თავისუფალი, აყვავებული და საკუთარ თავთან უფრო შერიგებული იქნება“, — განაცხადა როდრიგესმა.

ვენესუელისა და აშშ-ის ხელისუფლებები მანამდეც საუბრობდნენ არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე, თუმცა თარიღი — თუნდაც სავარაუდო — ჯერ არ დანიშნულა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ასეთი არჩევნების დასანიშნად აუცილებელია დამოუკიდებელი უზენაესი სასამართლოსა და ეროვნული საარჩევნო საბჭოს დაკომპლექტება.