Loading data...
ვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყო - ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაზე თავდასხმების მეორე ტალღა გააუქმა

ვენესუელის მთავრობამ ციხეებიდან იმ ადამიანების გათავისუფლება დაიწყო, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მისი ხუთი მოქალაქე გაათავისუფლეს, მათ შორისაა ცნობილი ვენესუელელ-ესპანელი უფლებადამცველი როსიო სან მიგელი, მადუროს კრიტიკოსი და თავდაცვის ექსპერტი. იგი 2024 წელს დააკავეს მაშინდელი პრეზიდენტის მკვლელობის შეთქმულებაში მონაწილეობის, ღალატისა და ტერორიზმის ბრალდებით. 

ვენესუელის მთავრობამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც აშშ-მა 3 იანვარს კარაკასში ჩატარებული რეიდის დროს ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დააკავა და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსადგომად ნიუ-იორკში გადაიყვანა. 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რაც აშშ-ის დიდი ხნის მოთხოვნა იყო, ვენესუელას მხრიდან „ძალიან მნიშვნელოვანი და ჭკვიანური ჟესტია“.

ტრამპმა დასძინა, რომ ვენესუელამ პატიმრები „მშვიდობის ძიების“ ნიშნად გაათავისუფლა და შედეგად, მან ქვეყანაზე „ადრე მოსალოდნელი თავდასხმების მეორე ტალღა“ გააუქმა.

„აშშ და ვენესუელა კარგად თანამშრომლობენ, განსაკუთრებით ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის გაცილებით დიდი, უკეთესი და თანამედროვე სახით აღდგენის კუთხით. ამ თანამშრომლობის გამო, მე გავაუქმე ადრე მოსალოდნელი თავდასხმების მეორე ტალღა, რომელიც, როგორც ჩანს, საჭირო არ იქნება, თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, ყველა გემი ადგილზე დარჩება“, - დაწერა ტრამპმა.

ვენესუელას ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ და ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის, დელსი როდრიგესის ძმამ, ხორხე როდრიგესმა სახელმწიფო ტელევიზიით განაცხადა, რომ პატიმრების „მნიშვნელოვან რაოდენობას“ დაუყოვნებლივ გაათავისუფლებენ, თუმცა მათი რაოდენობა და ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

ვენესუელის ციხეებში ასობით პოლიტპატიმარი იმყოფება, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეა გათავისუფლებული. ვენესუელას ოპოზიცია და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები წლების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ მთავრობა დაკავებებს იყენებდა განსხვავებული აზრის ჩასახშობად და კრიტიკოსების გასაჩუმებლად.