Loading data...
ვაშინგტონის სამიტზე უკრაინა ნატოში მიწვევას არ მიიღებს - ზელენსკი

უკრაინა ნატოში გაწევრიანების მიწვევას არ მიიღებს ალიანსის საიუბილეო სამიტის დროს, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ მას სურს, ნატოს ეს სამიტი ყველა მოკავშირისთვის წარმატებული იყოს. ამასთან, მისი თქმით, უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი Patriot-ის სისტემებით საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაა.

„ამასთან დაკავშირებით ჩემი გუნდი ახლა შეერთებულ შტატებში კონკრეტულ საკითხებზე მუშაობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მეორე უმნიშვნელოვანესი საკითხია, უკრაინის უსაფრთხოების გარანტია რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ უზრუნველყოს.

„და მესამე, დიახ, ალბათ, ჩვენ გვსურს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მძლავრი ნაბიჯები გადაიდგას და გულწრფელად გეუბნებით, გვსურს [ნატოში] მოწვევის მიღება. ვიცით, რომ მას არ მივიღებთ. თუმცა, ვფიქრობ, თუ ჩვენ გვინდა, ძლიერი ამერიკა ვიხილოთ, ძლიერი იმ გაგებით, რასაც, მეჩვენება, რომ საზოგადოება დღეს ნამდვილად მოელის ამერიკის ხელმძღვანელისგან. მაშინ, ვფიქრობ, რომ რაღაც ტიპის მოწვევა სწორედ ასეთი ნიშანია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ „პუტინის არავის ეშინია, ყველა დარწმუნებულია ამერიკის ხელმძღვანელობაში“.

ამავე დროს, მას ჰკითხეს, საჭიროა თუ არა მოკავშირეებმა იფიქრონ გერმანულ მოდელზე, რათა უკრაინის ნატოში გაწევრიანება დაუშვან იმ დროს, როდესაც მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია.

„პირველ რიგში, ჩვენ არ გვქონია ასეთი წინადადება ოფიციალურად“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ მას ნამდვილად არ მოსწონს თამაში, რომელიც სცენის მიღმა მიმდინარეობს, რადგან ასეთი თამაში არც თუ ისე კარგად მთავრდება.

„არსებობს გარკვეული არასაჯარო საკითხები, მაგრამ, უმეტესწილად, გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინას ასეთი შესაძლებლობა არ აქვს. რაც უფრო საჯაროა ეს, მით უფრო მეტი ადამიანი დაუჭერს მხარს უკრაინას. ამიტომ, ასეთი მოდელი ჩემთვის არავის შემოუთავაზებია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

სახელმწიფოს მეთაურმა ასევე გაიხსენა, რომ ის უკრაინის კონსტიტუციის გარანტია.

„თუ ვსაუბრობთ რაიმე ცვლილებაზე ჩვენს ტერიტორიებზე, ეს არის ცვლილებები კონსტიტუციაში და, შესაბამისად, ეს დანაშაულია. ამიტომ თუ ისინი შემოგვთავაზებენ გერმანულ მოდელს, სხვა მოდელს, ან კორეულს, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რას გვთავაზობენ, ვინ გვთავაზობს, რატომ კეთდება ეს და ამის შემდეგ - გავიგოთ ყველას აზრი, არა მხოლოდ ჩემი, უპირველეს ყოვლისა, მთელი საზოგადოების, რადგან უკრაინელი ხალხი უკრაინის მფლობელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.