ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უსაფრთხოების ახალი სისტემა თუ არ შეიქმნება, უკრაინა, შესაძლოა, კვლავ ახალი ომის წინაშე აღმოჩნდეს
დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა და უკრაინის შეიარაღებულ ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობები სამეფო ინსტიტუტში, Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გლობალურ მოთამაშეებს შორის არ არსებობს ძალა, რომელიც ომს დამოუკიდებლად დაასრულებს.
ზალუჟნი მოწოდებით გამოვიდა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი გლობალურ კონფლიქტად განიხილონ.
მისივე განცხადებით, თუ არ შეიქმნება უსაფრთხოების ახალი სისტემა, უკრაინა, შესაძლოა, კვლავ ახალი ომის წინაშე აღმოჩნდეს.
„მოდით, ვიყოთ გულახდილები და ვაღიაროთ, რომ 2023 წლიდან ეს უკვე აღარ არის კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის. ეს უკვე არის გლობალური პრობლემა. გლობალური პრობლემა კი მოითხოვს გლობალურ გადაწყვეტას. რას ნიშნავს ეს? უნდა მოიძებნოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ შორეულ ან ახლო მომავალში, ვთქვათ, შემდეგი 100 წლის განმავლობაში, რუსეთს არ მისცემს საშუალებას, ახალი ომი დაიწყოს ჩვენ წინააღმდეგ“, – აცხადებს ზალუჟნი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, საერთაშორისო ასპარეზზე არსებული არცერთი გლობალური მოთამაშე არ არის მზად ასეთი გადაწყვეტილებების განსახორციელებლად.
„ბევრ მათგანს აქვს ბირთვული იარაღი, თუმცა არ ჰყავს სამხედროები, რომლებიც მზად იქნებიან წინა ხაზზე საბრძოლველად. ზოგიერთებს აქვს რესურსი, თუმცა არ შეუძლიათ საჭირო რაოდენობით იარაღის წარმოება.
ყველა ვხედავთ, რომ ომი შეიძლება ახლავე დასრულდეს, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება. თუ ომი ახალი უსაფრთხოების სისტემის გარეშე დასრულდება, ეს კიდევ ერთ ომამდე მიგვიყვანს“, - აცხადებს ზალუჟნი.