ვალერი ზალუჟნი: შეიძლება ჩაითვალოს, რომ მესამე მსოფლიო ომი 2024 წელს დაიწყო
უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ავტოკრატიული მოკავშირეების უშუალო ჩართვის შემდეგ, მესამე მსოფლიო ომი დაწყებულად შეიძლება ჩაითვალოს.
„ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მესამე მსოფლიო ომი 2024 წელს დაიწყო, რადგან 2024 წელს უკრაინის წინაშე უკვე აღარ დგას მხოლოდ რუსეთი. უკრაინის წინაშე დგანან სამხედროები ჩრდილოეთ კორეიდან. მოდით გულწრფელად ვთქვათ, უკრაინაში უკვე აბსოლუტურად ღიად, ურცხვად სამოქალაქო პირებს ხოცავენ ირანული „შაჰედები“. უკრაინის მიმართულებით უკვე მიფრინავენ ჩრდილოკორეული წარმოების რაკეტები და ისინი ამის შესახებ ღიად აცხადებენ. უკრაინაში ჩინური ჭურვები ფეთქდება, რუსების რაკეტებში გამოყენებულია ჩინური დეტალები“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.
ზალუჟნის თქმით, სამხედრო პერსონალის უმეტესობა დაეთანხმება, რომ ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი იძლევა იმის საფუძველს, ვთქვათ, რომ მსოფლიო ომი დაიწყო და მსოფლიო ამისთვის უნდა მოემზადოს.
„ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში მოსალოდნელი იყო, უკვე დაწყებულია“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.