ვადიმ სკიბიცკი: ჩრდილოეთ კორეამ მკვეთრად შეამცირა რუსეთისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება
ჩრდილოეთ კორეამ მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდება საწყობის მარაგების ამოწურვის გამო, - განაცხადა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს დირექტორის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ვადიმ სკიბიცკიმ „ როიტერთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, კორეამ რუსეთს 2023 წლიდან სულ 6,5 მილიონი საარტილერიო ჭურვი მიაწოდა. თუმცა, საწყობების მარაგების ამოწურვის გამო, წლევანდელი მიწოდების მოცულობა უკვე 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ნახევარი იყო.
სკიბიცკიმ დასძინა, რომ, მაგალითად, სექტემბერში, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში ჭურვების გადაზიდვა საერთოდ არ დაფიქსირებულა, მაგრამ ოქტომბერში ისინი კვლავ მიიტანეს.
ასევე, მან განმარტა, რომ ფხენიანის მიერ მოწოდებული ჭურვების დაახლოებით ნახევარი იმდენად ძველი იყო, რომ რუსებს მათი შეკეთებისა და აღდგენისთვის სამხედრო ქარხნებში გაგზავნა მოუწიათ.
სკიბიცკის თქმით, საარტილერიო ჭურვების მარაგების შემცირების ფონზე, ჩრდილოეთ კორეამ სამხედრო FPV დრონების და საშუალო რადიუსის დრონების მასობრივი წარმოება დაიწყო.