უშაკოვმა ტრამპისა და პუტინის სამიტის შეთანხმებული დეტალები გაასაჯაროვა

კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების ქალაქ ანკორიჯში დაგეგმილი სამიტისთვის მზადება დასკვნით ფაზაში შევიდა და შეთანხმებული დეტალების ნაწილი გაავრცელა.
უშაკოვის თქმით, პუტინსა და ტრამპს შორის 15 აგვისტოს ალასკაში გასამართი შეხვედრის პროგრამა შეთანხმებულია. მან დასძინა, რომ ლიდერები თავდაპირველად პირისპირ შეხვედრას გამართავენ, შემდეგ კი დელეგაციების მონაწილეობით.
პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა მოსკოვის დროით 22:30 საათზე, თარჯიმნების თანდასწრებით დაიწყება. ისინი მოლაპარაკებების დაწყებამდე მოკლე განცხადებებს გააკეთებენ.
რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში, ვლადიმერ პუტინის გარდა, შევლენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი, თავდაცვის მინისტრი ანდრეი ბელოუსოვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი კირილ დმიტრიევი.
ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაც განსაზღვრულია, თუმცა მას ამერიკული მხარე გამოაცხადებს, განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, სამიტის ცენტრალური თემა ომის მოგვარება იქნება, თუმცა შეხვედრაზე სხვა თემებსაც განიხილავენ.
პუტინი და ტრამპი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.