Loading data...
ურსულა ფონ დერ ლაიენი ტრამპის ტარიფებზე: მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა აშშ-სთან შეთანხმების მისაღწევად, საჭიროების შემთხვევაში გადავდგამთ ნაბიჯებს საპასუხო ზომების მისაღებად

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი 30%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა. 

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, აშშ-ის მიერ ევროკავშირისთვის 30%-იანი ტარიფების დაწესება ბიზნესებს დააზიანებს.

„ევროკავშირის ექსპორტზე 30%-იანი ტარიფები ბიზნესებს, მომხმარებლებსა და პაციენტებს ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს დააზიანებს. ევროკავშირი პრიორიტეტს მუდმივად ანიჭებს აშშ-თან მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას, რაც ასახავს ჩვენს ერთგულებას დიალოგის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული ტრანსატლანტიკური პარტნიორობის მიმართ. ჩვენ კვლავ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა პირველ აგვისტომდე შეთანხმების მისაღწევად. ამავდროულად, ჩვენ გადავდგამთ ყველა საჭირო ნაბიჯს ევროკავშირის ინტერესების დასაცავად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში პროპორციული საპასუხო ზომების მიღებას“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი. 

ცნობისთვის, ტრამპმა ევროკომისიისა და მექსიკის პრეზიდენტებს წერილები გაუგზავნა და აცნობა, რომ თუ ისინი უკეთეს სავაჭრო პირობებზე 1-ელ აგვისტომდე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ აშშ ევროკავშირიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 30%-იან ტარიფებს დააწესებს.