Loading data...
ურსულა ფონ დერ ლაიენი: არ შეიძლება უკრაინის საზღვრები ძალის გამოყენებით შეიცვალოს

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროპელი მოკავშირეები შეთანხმდნენ ძირითად პრინციპებზე, რომლებიც უკრაინისთვის ნებისმიერი „სამშვიდობო გეგმის“ საფუძველი უნდა იყოს. მის შესახებ ევროკომისიის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, პირველ რიგში უნდა შეწყდეს მკვლელობები და დაასრულოს ომი ახალი კონფლიქტისთვის საფუძვლის ჩაყრის გარეშე.

მისი თქმით, პირველი პოზიცია ის არის, რომ „საზღვრების ძალით შეცვლა შეუძლებელია“.

„მეორე, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, უკრაინას არ შეიძლება ჰქონდეს შეზღუდვები თავის შეიარაღებულ ძალებზე, რაც ქვეყანას მომავალი თავდასხმების მიმართ დაუცველს გახდის და ამით ევროპულ უსაფრთხოებას შეარყევს“, - განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

მესამე პუნქტში ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ აუცილებელია „ევროკავშირის ცენტრალური როლის სრულად ასახვა უკრაინისთვის მშვიდობის გარანტირების საკითხში“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი გზა და „მან ევროპული ბედი აირჩია“.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ასევე, ხაზი გაუსვა „რუსეთის მიერ გატაცებული ყველა უკრაინელი ბავშვის დაბრუნების“ აუცილებლობას.

„რუსეთის ომის შედეგად გამოწვეული ყველა საშინელებიდან არცერთი არ არის ისეთი მტკივნეული, როგორც ეს. ათიათასობით ბიჭი და გოგონა რუსეთში ტყვეობაში რჩება. ისინი შეშინებულები არიან და ახლობლებს ენატრებათ“, - დასძინა ფონ დერ ლაიენმა.