Loading data...
ურსულა ფონ დერ ლაიენი 20 სექტემბერს კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება - უკრაინული მედია

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ხვალ, 20 სექტემბერს, კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. UNIAN-ის კორესპონდენტის ცნობით, ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ზამთრის მოახლოების ფონზე უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების მხარდაჭერას ეძღვნებოდა.

„გათბობის სეზონი ორ კვირაში დაიწყება. რადგან ტემპერატურა იკლებს, ევროკავშირი მზად არის, უკრაინის მხარდაჭერა გაზარდოს. ზამთრისთვის ერთად ვემზადებით. ამ პრესკონფერენციის შემდეგ, ხვალ მივდივარ კიევში, რათა ეს საკითხები პირადად პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად განვიხილო“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოხარულია, რომ შეუძლია უკრაინის დასახმარებლად ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მუდმივი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

მისივე თქმით, ყველაზე დაბალი შეფასებით, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად მინიმუმ 2 მილიარდი ევრო გამოიყო.

„დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ზამთრისთვის დამატებით დაახლოებით 160 მილიონ ევროს გამოვყოფთ. ეს მოიცავს 60 მილიონ ევროს ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მაგალითად, თავშესაფრებისა და გათბობისთვის და, ასევე, მოიცავს დაახლოებით 100 მილიონ ევროს სარემონტო სამუშაოებისთვის და განახლებადი ენერგიისთვის“, - აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.

მან განმარტა, რომ ეს 100 მილიონი ევრო ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მოდის.