„უნიანი“: რუსული სპეცსამსახურები უკრაინელ გენერალზე შეტევას ამზადებდნენ
უკრაინაში რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე აგენტი დააკავეს, რომელიც მესამე საარმიო კორპუსის მეთაურზე სარაკეტო იერიშს ამზადებდა. ამ ქვედანაყოფის მეთაურია გენერალი ანდრეი ბილეცკი. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
გენერალზე საჰაერო იერიშის კოორდინაციას დრონების ოპერატორი ახორციელებდა, რომელიც უკრაინის სხვა ბრიგადაში, ხარკოვის ოლქში მსახურობდა.
აგენტი ცდილობდა, რომ გენერლის გადაადგილების დროზე და მარშრუტზე ინფორმაცია მიეღო. ამისთვის ის სამსახურებრივ ინფორმაციაზე წვდომას იყენებდა და ინფორმაციის მისაღებად კოლეგებსაც უკავშირდებოდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, აგენტს ასევე უნდა მიეწოდებოდა რუსული მხარისთვის ინფორმაცია საკუთარი ბრიგადის სასწავლო ცენტრისა და შტაბის დისლოკაციის შესახებ, რომლებზეც შემდეგ დარტყმა იგეგმებოდა.
უკრაინული სპეცსამსახურები იუწყებიან, რომ დაკავებისას აგენტს მობილური ტელეფონი აღმოაჩნდა, რომლითაც ის მოწინააღმდეგეს უკავშირდებოდა.