უნგრული კომპანია სერბულ NIS-ში „გაზპრომის“ წილს ყიდულობს
უნგრულმა კომპანიამ MOL Nyrt-მა და რუსულმა „გაზპრომმა“ სერბეთის ნავთობმომპოვებელ კომპანია Naftna Industrija Srbije-ში (NIS) რუსული წილის ყიდვა-გაყიდვის ძირითადი დებულებები შეათანხმეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
როგორც სერბეთის სამთო მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა დუბრავკა ჯედოვიჩ-ხანდანოვიჩმა განაცხადა, მოლაპარაკების შედეგად სერბეთმა თავისი პოზიციები გააუმჯობესა. ასევე შეთანხმებას შეიძლება შეუერთდეს Abu Dhabi National Oil Co. (ADNOC).
კომპანიის წილის ფასი ხანდანოვიჩმა არ დაასახელა. MOL-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ მან „გაზპრომ ნეფტთან“ წინასწარი შეთანხმება გააფორმა NIS-ის აქციების 56,15%-ის შეძენის თაობაზე.
2025 წლის იანვარში NIS-ში „გაზპრომის“ წილის არსებობის გამო ამ კომპანიის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები დაწესდა. სანქციების დაწესების შემდეგ ადრიატიკული მილსადენით (JANAF), რომელიც ხორვატიის ტერიტორიით გადის, ნავთობის ტრანსპორტირება შეწყდა. ასევე გაჩერდა პანჩევოში მდებარე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა.
ამჟამად „გაზპრომ ნეფტს“ NIS-ის აქციათა 44,9% ეკუთვნის, კიდევ 11,3% „გაზპრომის“ საინვესტიციო ქვედანაყოფს ეკუთვნის. სერბეთის მთავრობა აქციების 29,9%-ს ფლობს.