Loading data...
უნგრეთმა უკრაინული საბანკო მანქანებიდან მილიონობით ევროს და ოქროს კონფისკაცია მოახდინა

უნგრეთსა და უკრაინას შორის ახალი კონფლიქტი მოხდა. ბუდაპეშტმა ორი უკრაინული დაჯავშნილი საინკასატორო ავტომობილის კონფისკაცია მოახდინა, რომლითაც ნაღდი ფულის სახით მილიონობით ევროსა და ოქროს გადატანა ხდებოდა. ამის შესახებ The Guardian იუწყება.

ასევე დაკავებული იყო უკრაინის 7 მოქალაქე, რომლებიც ამ მანქანებით გადაადგილდებოდნენ. უნგრეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს. რომ დაკავებული უკრაინელები დაზვერვასთან იყვნენ დაკავშირებულები. თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ბუდაპეშტი მძევლების აყვანასა და ფულის მოპარვაში დაადანაშაულა.

სიბიგამ ასევე უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უნგრეთში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკურ მიზნებში სკანდალის გაღვივებაში დაადანაშაულა.

უნგრეთის ნაციონალურმა საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და ეს ფულის და ოქროს ამ პარტიას უკავშირდება. საუბარია 40 მლნ აშშ დოლარზე, 35 მლნ ევროზე და 9 კგ ოქროზე. დაკავებულთა შორის ერთი პირი უკრაინის დაზვერვის ყოფილი გენერალია.

უკრაინის სახელმწიფო ბანკმა, „ოშადბანკმა“ განაცხადა, რომ მის თანამშრომლებს ნაღდი ფული გადაჰქონდათ ავსტრიასა და უკრაინას შორის და ეს იყო „უბრალო ტრანსპორტირება“ იმ პირობებში, როდესაც უკრაინის საჰაერო სივრცე დახურულია. 

ვიქტორ ორბანის ოფისში კი აცხადებენ, რომ კანონიერი საბანკო ოპერაციების დროს ფულის და ოქროს ავტომობილებით გადატანა არ ხდება. „გასარკვევია, ვინ დგას ამ ფულის უკან და რისთვის არის ის განკუთვნილი“?- კითხულობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის უფროსი ბალაჟ ორბანი.

ნაღდი ფულის კონფისკაცია იმ დროს მოხდა, როდესაც კიევსა და ბუდაპეშტს შორის ნავთობის მიწოდებაზე კამათი მიმდინარეობს. უნგრეთმა და სლოვაკეთმა კიეცი ნავთობსადენის რემონტის განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულეს, რომელიც მანამდე რუსული დრონებით დაიბომბა. ამის საპასუხოდ ორბანმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს და უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მლრდ ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფას ვეტო დაადო.

ვლადიმერ ზელენსკიმ ორბანის ამ გადაწყვეტილებას მუქარით უპასუხა.

„იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანი ევროკავშირში არ დაბლოკავს 90 მლრდ-ის დახმარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მის მისამართს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენს ბიჭებს გადავცემთ. მას დაურეკონ და საკუთარ ენაზე დაელაპარაკონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთანავე, უნგრელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ზელენსკიმ ეს განცხადება ორბანის წისქვილზე ასხამს წყალს და მას პოლიტიკურ ქულებს მოუტანს. „ზელენსკის მუქარას შეიძლება „სამხედრო ფსიქოზის“ პროვოცირება მოახდინოს და ეს საზოგადოებრივ განწყობებს შეცვლის. ბოლო გამოკითხვებით საპარლამენტო არჩევნებში ვიქტორ ორბანს კონკურენტები უსწრებენ“, - განაცხადა უნგრელმა ექსპერტმა რობერტ ლასლომ. მისი თქმით, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სწორედ ზელენსკი შეუწყობდა ხელს პოლიტიკურ თამაშში ორბანის დაბრუნებას.

უნგრეთის ოპოზიციის წარმომადგენელი და ორბანის ძირითადი კონკურენტი პეტერ მადიარი იძულებული იყო,რომ ორბანი დაეცვა.

„უკრაინის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს დაემუქრა. არც ერთ ლიდერს არ აქვს უფლება, რომ უნგრეთის ან რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქეს დაემუქროს“, - განაცხადა პეტერ მადიარმა. მან მოუწოდა ევროკავშირს, რომ უკრაინასთან ყოველგვარი ურთიერთობები გაწყვიტოს, ვიდრე ვოლოდიმირ ზელენსკი ბოდიშს არ მოიხდის.