Loading data...
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის ევროკავშირში 2030 წლამდე გაწევრიანება არარეალურია

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ანიტა ორბანის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში 2030 წლამდე გაწევრიანება არარეალურია. 

„არ ვფიქრობთ, რომ ეს რეალისტურია. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესს და, ჩემი აზრით, ამ საკითხში ლიეტუვის პოზიციას ვიზიარებთ“, - განაცხადა მინისტრმა ვილნიუსში ვიზიტისას.

მან აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატმა ქვეყანამ ერთი და იგივე მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, რაც უკრაინისთვის გაწევრიანების დაჩქარებულ პროცესს გამორიცხავს.

„ყველა ქვეყანამ იგივე პროცესი უნდა გაიაროს, რაც ჩვენ გავიარეთ. ჩვენ ასევე მხარს არ ვუჭერთ დაჩქარებულ გაწევრიანებას“, - განაცხადა ანიტა ორბანმა. 

ამავდროულად, უნგრელმა მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინამ გაწევრიანების პროცესში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. კერძოდ, მოლაპარაკების ექვსი მიმართულებიდან ოთხი უკვე გახსნილია. მან ეს პროგრესი ნაწილობრივ უნგრეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას, ასევე, ზაკარპატიაში უნგრული ეროვნული უმცირესობის უფლებების დაცვის შესახებ შეთანხმებას მიაწერა.

თავის მხრივ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა 2030 წლამდე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით მეტი ოპტიმიზმი გამოთქვა და აღნიშნა, რომ მიზნობრივი თარიღი უნდა დადგინდეს.

„ჩვენ ვადებთან დაკავშირებით უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. მიგვაჩნია, რომ მიზნობრივი თარიღის დადგენა შესაძლებელია და აუცილებელიც“, - აღნიშნა ბუდრისმა.

მისი თქმით, 2030 წლისთვის გაწევრიანება თეორიულად შესაძლებელია, თუ უკრაინა საჭირო რეფორმებს საკმარისად სწრაფად განახორციელებს, ხოლო ევროკავშირი ამ პროცესის აუცილებელ ეტაპებს დროულად დაასრულებს.

„მიგვაჩნია, რომ ყველა პროცესის დასრულება 2030 წლისთვის ჯერ კიდევ შესაძლებელია. თუ ჩვენ ევროკავშირის მხრიდან შევძლებთ ყველაფრის საკმარისად სწრაფად გაკეთებას, ხოლო უკრაინა რეფორმებს განახორციელებს, ეს თეორიულად შესაძლებელია“, - დასძინა ბუდრისმა.