უნგრეთის პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუდაპეშტის განცხადებებთან დაკავშირებით ანდრეი სიბიგასთან საჯაროდ იკამათეს - „მე თქვენ გეხმარებით“
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას განცხადებას კრიტიკით უპასუხეს. ამის შესახებ უნგრეთის ოფიციალურმა პირებმა პლატფორმა X-ზე დაწერეს.
ანდრეი სიბიგას თქმით, გაკვირვებულია უკრაინასთან მიმართებით უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელი უსაფუძვლოდ კონფრონტაციული განცხადებებით.
კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ უნგრეთი არ გახდება „კარპატების რვიანის“ წევრი და ასევე, ის რომ მადიარის მთავრობა არ დაუშვებს უნგრეთის ტერიტორიაზე უკრაინის საჭიროებისთვის ნავთობის საცავის მშენებლობას.
ამასთან, ანდრეი სიბიგამ ხაზგასმით აღნიშნა, „ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი წასულია, მაგრამ მისი პოლიტიკა წარმატებით გრძელდება“.
როგორც უკრაინული მედია წერს, აღნიშნული განცხადებების შემდეგ ანდრეი სიბიგას მადიარმა და ანიტა ორბანმა სოციალურ ქსელში უპასუხეს.
„მე თქვენ გეხმარებით. „იმის მტკიცება, რომ სუვერენული სახელმწიფო საერთაშორისო ინიციატივის („კარპატების ინიციატივის“) მონაწილეა, ამ სახელმწიფოსთან წინასწარი კონსულტაციის ან მისი თანხმობის გარეშე, სრულიად მიუღებელია“, - მიმართა უნგრეთის პრემიერმა ანდრეი სიბიგას.
თავის მხრივ, სიბიგას მისამართით განცხადება გააკეთა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
„უნგრეთის ახალმა მთავრობამ უკრაინის მიმართ კეთილგანწყობის არაერთი ჟესტი გამოხატა“, - განაცხადა ანიტა ორბანმა.
ინფორმაციისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელში აღნიშნა - „ბოლო დროს ბუდაპეშტიდან მოსმენილი ინფორმაცია გვაბნევს, როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ვიქტორ ორბანი წავიდა, მისი ობსტრუქციონიზმისა და იზოლაციონიზმის პოლიტიკა კვლავაც ყვავის“.