უნგრეთის პრემიერი: უკრაინის დაფინანსება ევროკავშირის ბიუჯეტთან არ უნდა იყოს დაკავშირებული
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ უნგრეთი უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას გააგრძელებს, თუმცა უკრაინის სამხედრო ძალისხმევის დაფინანსება ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტთან არ უნდა იყოს დაკავშირებული.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას მიერ შაბათს წარდგენილი ევროკავშირის მომავალი შვიდწლიანი ბიუჯეტის პროექტის კომენტირებისას, მადიარმა აღნიშნა, რომ ეს წინადადება უნგრეთისთვის მიუღებელია. მან, ასევე, მოითხოვა, რომ საბიუჯეტო მოლაპარაკებები არ დაუკავშირდეს უკრაინის სამხედრო ძალისხმევის სამომავლო დაფინანსების შესახებ დისკუსიას.
მისი თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტის საკითხი და უკრაინის დაფინანსება ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა განიხილებოდეს.
„არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც სურთ, რომ ყურადღების ცენტრში ევროკავშირის ბიუჯეტსა და უკრაინის დაფინანსებას შორის ურთიერთკავშირის საკითხი მოექცეს. უნგრეთის მთავრობის პოზიცია ნათელია: ეს ორი საკითხი ცალ-ცალკე უნდა განიხილებოდეს. 27 წევრმა სახელმწიფომ დამოუკიდებლად უნდა მიაღწიოს შეთანხმებას და ეს შეთანხმება არ შეიძლება იყოს და არც იქნება დამოკიდებული რომელიმე სხვა შეთანხმებაზე“, - ხაზგასმით აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, უნგრეთის პრემიერის განცხადებით, უკრაინა კვლავ მიიღებს ჰუმანიტარულ დახმარებას, რომლის მიღების უფლებაც, მისი თქმით, ომში მყოფ მეზობელ ქვეყანას აქვს.