უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს ბლოკავს

უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაბლოკა. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატმა RMF FM-ს განუცხადა.
ცნობილია, რომ 14 თებერვალს პოლონეთის თავმჯდომარეობამ წარადგინა წერილი „ფუნდამენტური საკითხების“ კლასტერის გახსნის პირობებით, რომელიც უკრაინას გადაეგზავნება. საუბარია ორი საგზაო რუკის მომზადებასა და მიღებაზე. ერთ-ერთი მათგანი ეხება კანონის უზენაესობის სფეროში რეფორმების გეგმას, ხოლო მეორე - სახელმწიფო მმართველობის რეფორმას.
ამ წერილს მხარი დაუჭირა ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ, ერთი დელეგაციის გარდა. მის გასაგზავნად კი ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა საჭირო.
RMF FM-ის კორესპონდენტის ცნობით, უნგრეთმა ამ საკითხში უკრაინას დამატებითი პირობები წაუყენა, კერძოდ, ქვეყანა ითხოვს ეროვნული უმცირესობების დაცვის გეგმას.
„ამ საკითხმა შეიძლება შეაფერხოს, ან შეუძლებელიც კი გახადოს პირველი კლასტერის აპრილში გახსნა. მით უმეტეს, რომ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია პროცედურის, რომელიც მოიცავს კიდევ ორ გადაწყვეტილებას, რომლებიც ერთხმად უნდა მიიღონ [რაც ნიშნავს, რომ არსებობს დაბლოკვის რისკი]“, - ხაზგასმით აღნიშნა გამოცემამ.
ამასთან, აღნიშნულია, რომ უნგრეთის მხრიდან დაბლოკვა მაშინ მოხდა, როდესაც ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენში განაცხადა, რომ ევროკავშირმა უნდა დააჩქაროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
„პოლონეთს სურს, თავისი ექვსთვიანი თავმჯდომარეობის დროს უკრაინასთან მოლაპარაკების ექვსი კლასტერიდან ორი გახსნას. ეს არის კლასტერი „საფუძვლები“, რომელიც ეხება კანონის უზენაესობას და ღირებულებებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი და კლასტერი „გარე ურთიერთობები“, რომელიც ეხება საგარეო და თავდაცვის პოლიტიკას“, - აღნიშნულია გამოცემაში.