Loading data...
უნგრეთი ჩინეთისთვის ყველაზე ახლო საინვესტიციო პარტნიორია ევროპაში - სი ძინპინი

„ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ და ძალის პოლიტიკას არ დავემორჩილეთ. ახლა კი საკუთარი გზა მოვძებნეთ და ჩვენ სუვერენულ სახელმწიფოებს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება შეუძლიათ“. ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა განაცხადა, რომელიც ამჟამად ევროპულ ტურნეში იმყოფება. ჩინეთის ლიდერის ამ განცხადების ადრესატი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანია. ინფორმაციას გამოცემა Financial Times ავრცელებს.

ევროპული ტურნე სი ძინპინმა საფრანგეთში ვიზიტით დაიწყო. საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერმა განაცხადა, რომ აუცილებელია ახალი „ცივი ომის“ თავიდან აცილება. „რეალურად ეს არის ჩინეთის პოლიტიკის ნაწილი, რომელიც ცდილობს, რომ ევროპა აშშ-ის საგარეო პოლიტიკას ჩამოაშოროს“, - წერს Financial Times.

„სი ძინპინისთვის უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი პარტნიორია ევროპაში. ორბანი დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს, ბრიუსელის, აშშ-ს და ნატოს ზეწოლას უძლებს, მოსკოვთან მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებს და ჩინეთთან საქმიან კონტაქტებს აღრმავებს. ჩინეთი უნგრეთს უამრავ ინვესტიციას ჰპირდება. აქტიურად განიხილება უნგრეთში ჩინური კომპანიის, Great Wall Motor-ის ელექტრომობილების ქარხნის აშენება,“ - წერს Financial Times.

ჩინეთის შეფასებით, უნგრეთში პირდაპირი ჩინური ინვესტიციების რაოდენობამ წლის ბოლომდე შეიძლება 30 მლრდ, ევროს მიაღწიოს.

„ჩვენი ქვეყნები რეგიონული თანამშრომლობის ლიდერები უნდა გახდნენ. უნგრეთს შეუძლია, რომ ხელი შეუწყოს ჩინეთის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას“ - ამბობს სი ძინპინი.

„სი ძინპინის ეს განცხადებების ბუდაპეშტს ალბათ ძალიან მოეწონება, მაგრამ ის სავარაუდოდ ვერ დაამშვიდებს სხვა ევროპული ქვეყნების პოლიტიკოსებს და ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, რომლებიც ჩინეთის ამ საგარეო პრიორიტეტებს ძალიან შეშფოთებით აკვირდებიან. ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე გაკეთდა განცხადება, რომ იაფი ჩინური პროდუქცია ევროპულ ბაზარს ემუქრება დემპინგური ფასების გამო. ასევე ევროკავშირი შეშფოთებულია სი ძინპინის ახლო ურთიერთობებით რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობის ზრდით. სწორედ ამ ვაჭრობის ხელშეწყობით რუსეთმა დასავლეთის სანქციებს გაუძლო, რომლებიც მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთმა დააწესა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ.

სი ძინპინი ევროპულ ტურნეში 5-10 მაისს იმყოფება. ის საფრანგეთში, სერბეთში და უნგრეთში ჩადის. უნგრეთი ბოლო ქვეყანაა, სადაც სი ძინპინი ჩადის ამ ტურნეს ფარგლებში.