Loading data...
უკრაინულმა ძალებმა რუსული ბომბდამშენი „ტუ-22“ ჩამოაგდეს

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის შორი მოქმედების სტრატეგიული ბომბდამშენი „ტუ-22 მ-3“ ჩამოაგდეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

„ჩვენმა საზენიტო ძალებმა უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ერთად სტრატეგიული ბომბდამშენი „ტუ-22“ გაანადგურეს“, - დაწერა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშუკმა. მისი თქმით, ამ თვითმფრინავით ფრთოსანი რაკეტების, Х-22-ის გაშვება ხდება, რომლითაც მოწინააღმდეგე უკრაინის ქალაქებს უტევს. ოლეშუკი ამბობს, რომ 18-19 აპრილს ღამით რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სხვადასხვა საფრენი საშუალების გამოყენებით კომბინირებული ავიაიერიში განახორციელა.

ცნობისთვის, დღეს დილით რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სტავროპოლის მხარეში ბომბდამშენი „ტუ-22 მ-3“ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობაა, პილოტმა კატაპულტირება მოახერხა.