უკრაინულმა ძალებმა იტალიური ბორბლებიანი ტანკები, B1 Centauro მიიღეს
იტალიამ უკრაინას ბორბლებიანი ტანკები, B1 Centauro მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ადრეც გავრცელებულა, მაგრამ ახლა ტანკის გადაღება მოხერხდა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
ტანკი 78-ე მოიერიშე-სადესანტო პოლკის შეიარაღებაშია. ფოტოებზე ჩანს, რომ უკრაინელებმა ტანკს დამატებითი დაცვა დაუყენეს, რომელმაც ის ტანკსაწინააღმდეგო ჭურვებისა და დრონებისგან უნდა დაიცვას.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რამდენი ბორბლებიანი ტანკი მიაწოდა იტალიამ უკრაინას და გრძელდება თუ არა უკრაინაში ამ საბრძოლო მანქანების გადასროლა. ღია წყაროების ცნობით, იტალიის შეიარაღებაში 250 ერთეული B1 Centauro შედის.
Centauro B1, რომელსაც „ტანკების გამანადგურებელს“ უწოდებენ, კომპანიებმა Fiat-მა და OTO Melara-მ შექმნეს. ის საცეცხლე სიმძლავრით იტალიის ჯარის ძირითად საბრძოლო ტანკს, Leopard 1-ს უდრის. მანქანა შეიქმნა დაზვერვის, საცეცხლე მხარდაჭერისა და ტერიტორიის დაცვის მიზნით.