უკრაინულმა ძალებმა იაროსლავლის ოლქში მდებარე ნავთობის ქარხანაზე საჰაერო იერიში განახორციელეს
უკრაინულმა ძალებმა იერიში განახორციელეს იაროსლავლის ოლქში მდებარე „სლავნეფტის“ ნავთობის ქარხანაზე. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„ნავთობის ქარხნის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. დაშავებულია საწარმოს ორი თანამშრომელი. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს“, - განაცხადა იაროსლავლის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ ევრაევმა. მისივე თქმით, მოსკოვი - იაროსლავლის ავტომაგისტრალზე მოძრაობა დროებით შეჩერებულია.
„სლავნეფტ-იანოსი“ რუსეთის უმსხვილესი ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების ხუთეულში შედის. იქ წელიწადში 15 მლნ ტონა ნავთობის გადამუშავება ხდება.
შემოდგომაზე ამ ქარხანაზე საჰაერო იერიში უკვე მეორედ განხორციელდა. წინა შეტევის დროს უპილოტო საფრენმა აპარატებმა ქარხნის დანადგარი დააზიანეს, რომელზეც მისი სიმძლავრის 40% არის დამოკიდებული.
ოქტომბრის ბოლოდან უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე საჰაერო იერიში განაახლეს.