Loading data...
უკრაინულმა ძალებმა დონის როსტოვსა და იაროსლავლზე საჰაერო იერიშები განახორციელეს

დონის როსტოვზე უკრაინულმა ძალებმა მასირებული საჰაერო იერიში განახორციელეს. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა იური სლიუსარმა „ტელეგრამში“ დაწერა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„გაჩნდა ხანძარი, რომელიც ოპერატიულად ჩავაქრეთ“, - დაწერა გუბერნატორმა. მისივე ცნობით, იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა.

საჰაერო იერიშის შემდეგ ქვესადგურების დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დონის როსტოვის 4 რაიონს. ასევე, დაზიანდა მინები, რამდენიმე სახლის სახურავი და სამეურნეო ნაგებობა.

გამოცემა Astra იუწყება, რომ დონის როსტოვში მდებარე სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. უკრაინის ტელეგრამ-არხების ცნობით, აეროდრომზე შეტევა დრონებით განხორციელდა.

ასევე, იერიში ქალაქ იაროლავლზეც განხორციელდა. იქ „სლავნეფტ-იანოსის“ ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაიბომბა. ეს ქარხანა რუსეთის ნავთობის უმსხვილესი ქარხნების ხუთეულში შედის. მასზე იერიშები ადრეც განხორციელებულა.

იაროსლავლის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ ევრაევმა განაცხადა, რომ ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა იერიშის შედეგად დაზიანდა. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობა. ასევე დრონების ნამსხვრევებმა სახლებში მინები ჩაამსხვრია და ავტომობილები დააზიანა.

გუბერნატორის ცნობით, 65 უკრაინული დრონი განადგურებული იყო, შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა.