Loading data...
უკრაინულმა დრონებმა ტაგანროგის აეროდრომზე და ტოლიატის ქიმიურ ქარხანაზე იერიშები განახორციელეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებმა იერიშები განახორციელეს როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში მდებარე სამხედრო აეროდრომზე და სამარის ოლქის ქალაქ ტოლიატიში განთავსებულ ქიმიურ საწარმოზე. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ტაგანროგის აეროდრომზე განთავსებულია 708-ე სატრანსპორტო-საავიაციო პოლკი. მის გვერდით კი დისლოცირებულია 325-ე ავიასარემონტო ქარხანა, სადაც სატრანსპორტო თვითმფრინავების რემონტი მიმდინარეობს.

ტაგანროგზე საჰაერო იერიში ადგილობრივი ადმინისტრაციის უფროსმა, სვეტლანა კამბულოვამ დაადასტურა. „ჩვენს ქალაქზე მასიური საჰაერო იერიში განხორციელდა. ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა დრონები გაანადგურეს. იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა“, - დაწერა კამბულოვამ.

როსტოვის ოლქის გუბერნატორის იური სლიუსარის ცნობით, ტაგანროგისა და ტაგანროგის ყურეს თავზე საერთო ჯაში 70 დრონი იყო განადგურებული. სლიუსარის ცნობით, მაღაზიას და რამდენიმე შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

ტოლიატიში, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უპილოტო საფრენმა აპარატებმა რამდენიმე სახლი დააზიანეს, დაიღუპა ერთი ადამიანი. ადგილობრივმა გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფიოდორიშევმა განაცხადა, რომ შეტევა „სამრეწველო საწარმოზე “განხორციელდა, უკრაინის ტელეგრამ-არხები იუწყებიან, რომ შეტევა „კუიბიშევ აზოტზე“ განხორციელდა და მის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

„კუიბიშევ აზოტი“ აწარმოებს ქიმიურ შენაერთებს, რომლებიც თავდაცვის მრეწველობაში გამოიყენება.