Loading data...
უკრაინულმა დრონებმა „როსნეფტის“ ქარხანაზე წელს უკვე მეცხრედ მიიტანეს იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ რიაზანში მდებარე „როსნეფტის“ ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე, წელს უკვე მეცხრედ, იერიში მიიტანეს, ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ეს „როსტეფტის“ უმსხვილესი ნავთობის ქარხანაა და მასზე რუსეთის ნავთობის გადამუშავების 5% მოდის. როგორც ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა განაცხადა, საწარმოს ტერიტორიაზე დრონის ნამსხვრევები ჩავარდა. მისი თქმით, ამჟამად მატერიალური ზარალის დადგენა მიმდინარეობს.

Exilenova+-ის ცნობით, ნავთობის ქარხანაში დაზიანდა დაბალი ტემპერატურის იზომერიზაციის დანადგარი, რომლითაც მაღალი ოქტანობის ბენზინის წარმოება ხდება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქარხანაში, შესაძლოა, ჰიდროგაწმენდის და კატალიტიკური კრეკინგის დანადგარი დაზიანდა, რასაც ქარხნის გაჩერება შეიძლება მოჰყვეს.

რიაზანის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში ბენზინის, დიზელის და რეაქტიული საწვავის წარმოება ხდება. ის ასევე წელიწადში 840 ტონა საავიაციო ნავთს უშვებს და რუსეთის საჰაერო-კოსმოსურ ძალებს საწვავით უზრუნველყოფს. წინა დარტყმა ქარხანაზე უკრაინულმა ძალებმა 20 ნოემბერს განახორციელეს.

ქალაქ რიაზანში, ქარხნის გარდა, მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა. სახლს ხანძაირი გაუჩნდა, რომლის ჩაქრობა მალევე მოხერხდა.