უკრაინული მხარის ცნობით, მან კუპიანსკში რუსული ძალები ალყაში მოაქცია
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, მათ ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიდამოებში წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„ქალაქში უნდა შევსულიყავით და ის რუსული ძალებისგან გაგვეთავისუფლებინა. ერთდროულად 2-3 მიმართულებით ვმუშაობდით და რუსული ძალები მათ ლოგისტიკას მოვწყვიტეთ. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდნენ, თუ რა ხდება, მაგრამ ახლა იციან, რომ ალყაში არიან“, - განაცხადა დაჯგუფება „ხარტიას“ სარდალმა იგორ ობოლენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინულმა ძალებმა სოფლები კონდრაშოვკა და რადიკოვკა აიღეს. ასევე უკრაინულმა ძალებმა ქალაქ კუპიანსკის ჩრდილოეთ ნაწილი დაიბრუნეს.
უკრაინული ძალების ცნობით, ახლა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ადგილზე რეზერვები გადაისროლეს და უკრაინელთა ალყის გარღვევას ცდილობენ. ობოლენსკის თქმით, რუსეთის მხარეს ბევრი უცხოელი იბრძვის, მათ შორის არიან სირიელები და აფრიკული ქვეყნების მოქალაქეები.
ცნობისთვის, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა 2 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა კუპიანსკში უკრაინელთა 15 ბატალიონი ალყაში მოაქციეს.