უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე აცხადებს, რომ ომის დროს ქვეყანაში არჩევნების ჩასატარებლად იგეგმება კანონის შემუშავება, რომელიც ერთჯერადად ამოქმედდება
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესახებ სპეციალური კანონი მხოლოდ ერთხელ ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ სტეფანჩუკმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ომის დროს არჩევნების შესახებ კანონპროექტის მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს. ჯგუფს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ალექსანდრ კორნიენკო უხელმძღვანელებს. ჯგუფში შევლენ ყველა ფრაქციისა და საპარლამენტო ჯგუფის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.
უმაღლესი რადას თავმჯდომარის თქმით, ჯგუფის მიზანია, შეიმუშაოს დოკუმენტი „უსაფრთხო დემოკრატიული არჩევნების“ ჩასატარებლად, რომლის შედეგებიც სანდო იქნება როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
„ეს არის პროფესიონალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს დოკუმენტს, რომელიც უკრაინას საშუალებას მისცემს, ჩაატაროს არა უბრალოდ არჩევნები, არამედ უსაფრთხო, დემოკრატიული არჩევნები, რომელსაც მთელი მსოფლიო ენდობა“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფი ომის გათვალისწინებით შეისწავლის საარჩევნო კოდექსის გამოყენების ყველა ნიუანსს. კერძოდ, ეს ეხება:
▪️სამხედრო მოსამსახურეების მიერ ხმის მიცემასა და მათ მიერ კანდიდატურის დაყენების უფლებას;
▪️უცხოეთში მყოფი უკრაინელების მიერ არჩევნებში მონაწილეობა;
▪️არჩევნების ჩატარება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე;
▪️უცხოელი დამკვირვებლების ყოფნა.
სტეფანჩუკმა აღნიშნა, რომ მუშაობის შედეგების საფუძველზე იგეგმება ცალკე კანონის შეთავაზება, რომელიც ამ არჩევნების ჩასატარებლად ერთჯერადად ამოქმედდება.