Loading data...
უკრაინის უმაღლესი რადას საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარე: თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს არ შევასრულებთ, ამას ფინანსური კატასტროფა მოჰყვება

უკრაინის უმაღლესი რადას საფინანსო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დანილო გეტმანცევი აცხადებს, რომ თუ უკრაინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ შეასრულებს, ამას ფინანსური კატასტროფა მოჰყვება.

კერძოდ, გეტმანცევმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამდენად არის შესაძლებელი, ქვეყანამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან 115 მილიარდი დოლარი ვერ მიიღოს, რადგან იანვრის ბოლოსთვის ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. მისი თქმით, არსებობს რეალური საფრთხე, რომ უკრაინამ აღნიშნული თანხა ვერ მიიღოს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ჩვენ უნდა მივიღოთ 8,5 მილიარდი დოლარი. ეს არის ის თანხა, რომელსაც უშუალოდ ვიღებთ, რადგან ეს არის პირდაპირი დაფინანსება. ყველა დანარჩენი თანხა დაკავშირებულია სავალუტო ფონდის პროგრამასთან. ხოლო იმის საფრთხე, რომ უკრაინამ შესაძლოა, ეს თანხები ვერ მიიღოს, რეალურია. მინდა, რომ ეს ყველამ მოისმინოს, განსაკუთრებით იმ მატყუარებმა, ვინც უმაღლეს რადაში აკრიტიკებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამ ეტაპზე განიხილება ევროინტეგრაციისა და რეფორმების მიმართულებით - სხვათა შორის, პოზიტიურ, დადებით გადაწყვეტილებებსაც. ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ჩავარდნის ზღვარზე ვართ და თუ ამ ფონდის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს არ შევასრულებთ, ამას ფინანსური კატასტროფა მოჰყვება. ეს ყველასთვის ცუდ შედეგებს გამოიწვევს“, - განაცხადა დანილო გეტმანცევმა.