უკრაინის საგარეო უწყება: უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის ხუთი ფორმატისთვის მზადაა
უკრაინა მზადაა, განიხილოს ცეცხლის შეწყვეტის ხუთი განსხვავებული ფორმატი. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა გეორგი ტიხიმ ბრიფინგზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ პირველ რიგში, საუბარია სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე, რასაც უკრაინა ჯერ კიდევ 2025 წლის მარტში დათანხმდა.
„უკრაინის ეს თანხმობა ძალაში რჩება და შეიძლებოდა ამოქმედებულიყო რუსეთის ფედერაციის შესაბამისი, სარკისებური თანხმობის არსებობის შემთხვევაში“, - ხაზგასმით აღნიშნა ტიხიმ.
მისი თქმით, არსებობს ასევე მე-2 და მე-3 ფორმატები, რომლებზეც თურქეთი და ეგვიპტე უკრაინელი დიპლომატების მონაწილეობით მუშაობენ და რომლებიც შავ ზღვას ეხება.
„ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო, ამიტომ ამ პირობებზე რუსული მხარის თანხმობა აუცილებელია. ჩვენი აზრით, ეს წინადადებები ორმხრივად სასარგებლო და რეალისტურია“, - ხაზგასმით აღნიშნა ტიხიმ.
მისი თქმით, მეორე ფორმატი შავი ზღვის ფორმატია, რომელიც ნაოსნობის უსაფრთხოებას ეხება. მესამე ფორმატი კი შავ ზღვაში სურსათის უვნებლობას ეხება. მან დასძინა, რომ ინდოეთი აქტიურად არის ჩართული ამ წინადადებაში.
მეოთხე ფორმატი ენერგეტიკული ზავია. ტიხიმ აღნიშნა, რომ არსებობს ენერგეტიკული ზავის ამერიკული მიმართულებაც, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის განიხილებოდა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესასვლელად რუსეთის მხრიდან კონსტრუქციული მიდგომა და ნაბიჯებია საჭირო. მისივე თქმით, უკრაინული მხრიდან ამ საკითხებისადმი კონსტრუქციული მიდგომა შეინიშნება.