უკრაინის საგარეო უწყება სერბეთში გაზსადენის წინააღმდეგ დაგეგმილ დივერსიასთან კიევის კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ეს, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ „ცრუ დროშის ქვეშ განხორციელებული ოპერაციაა“
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ გამოთქვა ეჭვი, რომ სერბეთისა და უნგრეთის დამაკავშირებელი გაზსადენის წინააღმდეგ ჩაშლილ დივერსიაში „უკრაინის კვალი“ შეიმჩნევა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრალდებები უარყო და რუსეთის ჩარევის შესაძლებლობაზე მიუთითა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მიერ მოწვეული უსაფრთხოების სხდომის შემდეგ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ თავის Facebook გვერდზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, უკრაინა უნგრეთის ენერგომომარაგებას აფერხებს.
„უკრაინელებმა ადრე „ჩრდილოეთის ნაკადი“ ააფეთქეს. აფეთქებების შემდეგ ისინი დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთი იყო — რაც ალოგიკურია, რადგან რატომ უნდა ააფეთქოს რუსეთმა საკუთარი გაზსადენები? ბოლო კვირების განმავლობაში ათობით დრონი არაერთხელ ესხმოდა თავს რუსეთის ტერიტორიაზე მილსადენ „თურქულ ნაკადს“, რომელიც უნგრეთს გაზს აწვდის და ახლა სერბეთის მიერ ჩაშლილი ტერორისტული თავდასხმა, როგორც ჩანს, ამ თავდასხმების ნაწილია“, - განაცხადა სიიარტომ.
მან დასძინა, რომ სავარაუდოდ ჩაშლილი დივერსია „ჯდება იმ შემთხვევების სერიაში, როდესაც უკრაინა მუდმივად ცდილობს რუსული გაზისა და ნავთობის ევროპაში ტრანსპორტირების შეფერხებას“.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ ოფიციალური კიევი კატეგორიულად უარყოფს სერბეთში გაზსადენის მახლობლად აღმოჩენილ სავარაუდო ასაფეთქებელ ნივთიერებებთან უკრაინის დაკავშირების მცდელობებს.
„უკრაინას ამასთან არაფერი აქვს საერთო. უფრო სავარაუდოა, რომ ეს არის რუსეთის მიერ „ცრუ დროშის ქვეშ განხორციელებული ოპერაცია“, რომელიც უნგრეთის არჩევნებში მოსკოვის უფრო მასშტაბური ჩარევის ნაწილია“, - აღნიშნა მან.
We categorically reject attempts to falsely link Ukraine to the incident with explosives found near the Turkstream pipeline in Serbia. Ukraine has nothing to do with this. Most probably, a Russian false-flag operation as part of Moscow’s heavy interference in Hungarian elections.
— Heorhii Tykhyi (@SpoxUkraineMFA) April 5, 2026