უკრაინის საგარეო უწყება უნგრეთსა და სლოვაკეთს - ულტიმატუმები კრემლში უნდა გაიგზავნოს და არა კიევში
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები უკრაინისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლო შეწყვეტის შესახებ შანტაჟად შეაფასა. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, უკრაინა გმობს უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების მიერ ქვეყნებს შორის ენერგომომარაგებასთან დაკავშირებით წაყენებულ ულტიმატუმებსა და შანტაჟს.
„უკრაინა უარყოფს და გმობს ჩვენს ქვეყნებს შორის ენერგომომარაგებაზე უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობების ხელმძღვანელობის მხრიდან ულტიმატუმებსა და შანტაჟს.
ასეთი ქმედებები უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასობრივი და გამიზნული დაბომბვებისა და მოსკოვის მცდელობების ფონზე, დატოვოს უკრაინელები ელექტროენერგიის, გათბობისა და გაზის გარეშე ექსტრემალური ყინვების დროს, არის პროვოკაციული, უპასუხისმგებლო და საფრთხის ქვეშ აყენებს მთელი რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
ამით უნგრეთისა და სლოვაკეთის მთავრობები არა მხოლოდ ხელს უწყობენ აგრესორს, არამედ თავიანთ ენერგეტიკულ კომპანიებს ავნებენ, რომლებიც ენერგომომარაგებას კომერციულ საფუძველზე ახორციელებენ.
მოვუწოდებთ უნგრეთისა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობებს, კონსტრუქციულად ჩაერთონ და პასუხისმგებლობით იმოქმედონ. ულტიმატუმები უნდა გაეგზავნოს კრემლს და რა თქმა უნდა, არა კიევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.