Loading data...
უკრაინის საგარეო უწყება უარყოფს სიიარტოს ბრალდებას, რომ კიევი „დრუჟბას“ მილსადენის შეკეთების სანაცვლოდ „ფულსა და იარაღს“ ითხოვს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადება, რომ კიევში მყოფ უნგრელ დიპლომატს „ფულისა და იარაღის“ სანაცვლოდ „დრუჟბას“ ნავთობსადენის შეკეთებას დაჰპირდნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გეორგი ტიხიმ განუცხადა.

საუბარია უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოზე, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ უკრაინის დიპლომატიურმა მისიამ უნგრეთის წარმომადგენელი სასაუბროდ დაიბარა. სიიარტოს თქმით, შეხვედრის დროს უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდების აღდგენის სანაცვლოდ მათ იარაღი და ფული სურდათ. სიიარტო, სავარაუდოდ, ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს გულისხმობდა, რომლის გაცემასაც ბუდაპეშტი ბლოკავს.

„მათ აღიარეს, რომ ტრანსპორტირების არგანახლების არანაირი ფიზიკური, ან ტექნიკური მიზეზი არ არსებობს, მხოლოდ პოლიტიკური. მათ ასევე ნათლად განაცხადეს, რომ უნგრეთში ნავთობის ტრანსპორტირების განახლების სანაცვლოდ იარაღი და ფული სურთ“, - განაცხადა სიიარტომ.

უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მინისტრმა სიიარტომ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და უნგრეთის დროებით რწმუნებულთან შეხვედრის შინაარსი სრულად დაამახინჯა. 

ამის გამო, უნგრელი დიპლომატი კიდევ ერთ შეხვედრაზე დაიბარეს. მეორე შეხვედრაზე მას აჩვენეს საუბრების შინაარსის დამახინჯების დაუშვებლობა.

„საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე უკრაინული მხრიდან არანაირი სიგნალი არ ყოფილა, კერძოდ, რომ „უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდების აღდგენა „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით პოლიტიკური მიზეზების გამო დაიბლოკა“. საუბრის თემა იყო პრემიერ-მინისტრ ორბანის განცხადებები უნგრეთის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის პოტენციური საფრთხეების შესახებ“, - განმარტა ტიხიმ.

მისი თქმით, უნგრულ მხარეს, კერძოდ, ეცნობა, რომ უკრაინა მზადაა, უნგრეთს მისი ობიექტების დასაცავად დახმარება გაუწიოს.