Loading data...
უკრაინის საგარეო უწყება ირანის მუქარას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თეირანის განცხადებები აბსურდულია, იმის გათვალისწინებით, რომ ის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას მხარს უჭერს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის მუქარა, ისრაელის დახმარების გამო კიევზე დარტყმების შესაძლო განხორციელებასთან დაკავშირებით,  სერიული მკვლელის მიერ საკუთარი დანაშაულების გამართლების მცდელობას შეადარა. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა გეორგი ტიხიმ ისაუბრა.

კერძოდ, მან გაიხსენა, რომ ირანის რეჟიმი წლების განმავლობაში უკრაინელების მკვლელობას უჭერდა მხარს და პირდაპირ ამარაგებდა აგრესორ სახელმწიფოს დრონებითა და ტექნოლოგიებით უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.

„ამ კონტექსტში, აბსურდულია, რომ ამ რეჟიმის ზოგიერთი წარმომადგენელი ემუქრებოდეს უკრაინას და თავდაცვის უფლებასაც კი იყენებდეს, რაც გაეროს წესდების 51-ე მუხლშია გათვალისწინებული. ეს იგივე იქნებოდა, რომ სერიული მკვლელი თავის დანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსის მოყვანით ამართლებდეს“, - ხაზგასმით აღნიშნა ტიხიმ.

როგორც პრესმდივანმა აღნიშნა, ირანის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს ირანელი ხალხის და სხვა ქვეყნებისა და ხალხების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა დანაშაულზე.