Loading data...
უკრაინის საგარეო უწყება: „დრუჟბას“ მილსადენის შემოწმების მსურველ უნგრელებს უკრაინაში შესვლის უფლება მიეცათ, თუმცა ოფიციალური სტატუსის გარეშე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 11 მარტის დილით უკრაინაში უნგრეთის მოქალაქეების ჯგუფი ჩავიდა, რომელსაც „არ აქვს ოფიციალური სტატუსი, ან დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრები“. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს  უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა გეორგი ტიხიმ განუცხადა

უკრაინული მედიის ცნობით, 11 მარტს უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის გაბორ ჩეპეკის ხელმძღვანელობით, უნგრეთის დელეგაციამ უკრაინაში ვიზიტის შესახებ განაცხადა, სადაც „დრუჟბას“ ნავთობსადენის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებების გამართვას და მისი მდგომარეობის შემოწმებას გეგმავს.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ დღეს დილით უნგრეთის მოქალაქეების ჯგუფი უკრაინაში შენგენის ზონის ყველა მოქალაქისთვის განკუთვნილი ზოგადი წესების დაცვით შევიდა და უვიზო რეჟიმით ისარგებლა“, - აღნიშნა ტიხიმ.

მისი თქმით, ამ გზით შენგენის ქვეყნებიდან უკრაინაში შესვლა ნებისმიერ პირს შეუძლია, ვისაც ტურისტული მიზნები აქვს.

„ამ პირთა ჯგუფს არ აქვს ოფიციალური სტატუსი, ან დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრები უკრაინის ტერიტორიაზე, ამიტომ მათი „დელეგაციად“ მოხსენიება ნამდვილად არასწორია“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მან დასძინა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლოა, იმყოფებოდნენ სხვა ქვეყნების მოქალაქეები, „რომლებიც პატივს სცემენ უკრაინას და იცავენ ვიზიტის ზოგად წესებს, განსაკუთრებით ტურისტული მიზნებისთვის“.