უკრაინის ომში 300 ჩრდილოკორეელი სამხედრო დაიღუპა
უკრაინაში მიმდინარე ომში 300 ჩრდილოკორეელი სამხედრო დაიღუპა და 2700 დაიჭრა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
„ჩრდილოეთ კორეის ძალების დისლოკაციის ადგილი გაფართოვდა და ახლა ისინი კურსკის ოლქშიც არიან განლაგებულები. სავარაუდო დანაკარგები არის 300 მოკლული და 2700 დაჭრილი“, - განაცხადა სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრმა ლი სონგ კვუნმა.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა ბრძანება მიიღეს, რომ თუ არსებობს მათი ტყვედ აყვანის საშიშროება, თავი მოიკლან. სამხედროების ნაწილი ომში შეწყალების შემდეგ წავიდა, ნაწილს კი მატერიალური მდგომარეობის გამოსწორების იმედი აქვს.
სამხრეთ კორეის დაზვერვის შეფასებით, ჩრდილოკორეელ სამხედროებს თანამედროვე ომი ცუდად ესმით, რაც დიდი რაოდენობით დანაკარგებს იწვევს.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელთა ტყვეობაში ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო აღმოჩნდა, რომლებსაც, სავარაუდოდ, უკრაინელ სამხედრო ტყვეებზე გაცვლიან.