უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისში ჩხრეკა ჩატარდა
უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ და ანტიკორუფციულმა პროკურატურამ გენერალური პროკურორის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა. საუბარია თაღლითური ორგანიზაციის გამოაშკარავებაზე, რომელიც ქოლ-ცნტრებსა და ქონების ლეგალიზაციის დანაშაულებრივ ქმედებებს მფარველობდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
გამოძიების ვერსიით, დანაშაულებრივ დაჯგუფებას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის თანამშრომელი ხელმძღვანელობს. ანტიკორუფციული ორგანოები აცხადებენ, რომ ოპერაციის დეტალების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გავრცელდება. ამასთანავე, ანტიკორუფციულ ბიუროში განაცხადეს, რომ ეჭვები არ ეხება პირადად უკრაინის გენერალურ პროკურორს რუსლან კრავჩენკოს.
გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს და ანტიკორუფციული პროკურატურის ეჭვქვეშ გენერალური პროკურატურის საერთაშორისო-სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის მოადგილე სერგეი კროპივა მოექცა. გამოცემის ცნობით, ის დაკავებულია.
ასევე ჩხრეკა ჩატარდა უკრაინელ ჩინოვნიკთან, ოლეგ კიპერთან, რომელიც 2023 წლამდე გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, შემდეგ კი ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.
სპეცოპერაციამდე ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადაში კანონპროექტი წარადგინა, რომელიც თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმიანობის ორგანიზებისა და მათთან კავშირისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, ქოლ-ცენტრების მუშაობის ორგანიზატორებისთვის 12 წლამდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული, ხოლო იქ მუშაობისთვის - 10 წლამდე პატიმრობა.