Loading data...
უკრაინის ელჩი აშშ-ში: უკრაინამ აშშ-ს მიაწოდა ინფორმაცია „ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის“ დროს რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შესახებ

შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩმა ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ საელჩომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ყველა იმ დაბომბვის შესახებ, რომელიც მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთი  ენერგეტიკულ სექტორზე დარტყმების შეჩერებას „დათანხმდა“. ამის შესახებ სტეფანიშინამ ვაშინგტონში „უკრაინის კვირეულის“ ფარგლებში მედიასთან საუბრისას განაცხადა.

სტეფანიშინას თქმით, 3 თებერვალს უკრაინამ ვაშინგტონს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ნაწილობრივი „ცეცხლის შეწყვეტის“ დროს, რომელზეც რუსეთის ლიდერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეთანხმდა.

„საელჩომ დღეს სახელმწიფო დეპარტამენტს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ყველა იმ დაბომბვის შესახებ, რომელიც რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ე.წ. „შეთანხმების“ გამოცხადების შემდეგ მოხდა. დღეს ძალიან დეტალური ინფორმაცია გადავეცით გუშინდელი დაბომბვის შედეგებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ოლგა სტეფანიშინამ.

ინფორმაცია მომზადდა შეიარაღებულ ძალებთან და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ელჩმა გამოთქვა რწმენა, რომ ეს მონაცემები გავლენას მოახდენს მოლაპარაკებებზე, რადგან ის ძირს უთხრის რუსეთის პოზიციას.

მან იმედი გამოთქვა, რომ ამერიკული მხარე მომავალში აირჩევს მიდგომას - „ნაკლები ილუზია, მეტი ზეწოლა“.