უკრაინის დელეგაციამ ჟენევაში ამერიკულ მხარეს განუცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მთავარი წინაპირობა ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას უკრაინის დელეგაციამ გააჟღერა პოზიცია, რომ რთულია მოლაპარაკებების გამართვა, როდესაც რუსეთი ყოველ ღამე ასობით მოიერიშე დრონს უშვებს და მშვიდობიან მოსახლეობას კლავს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსანდრ ბევზმა Suspilne-სთან საუბრისას აღნიშნა, ცეცხლის შეწყვეტა ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების დაწყების მთავარი წინაპირობაა.
„როგორც 28-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა, ასევე სამუშაო ვერსია, რომელიც არავის უნახავს, შეიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. თავდაპირველად გავრცელებული დოკუმენტი - 28-ე პუნქტი - აცხადებდა, რომ როგორც კი მხარეები ამ სამშვიდობო ჩარჩოზე შეთანხმებას მიაღწევენ, ცეცხლის შეწყვეტა ამოქმედდება“, - განაცხადა ბევზმა.
მან ასევე აღწერა ის განმარტებები, რომლებიც უკრაინულმა მხარემ ჟენევაში ამ საკითხთან დაკავშირებით წარადგინა.
„ჩვენთვის ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის იყო პირველი, მე ვიტყოდი, „ნულოვანი პირობა“ სამშვიდობო პროცესის დასაწყებად. რადგან ძალიან რთულია მოლაპარაკება, როდესაც ყოველ ღამე ასობით „შაჰედი“ დაფრინავს და ხალხს კლავს... და სწორედ ამიტომ ვითხოვეთ: მოდით, შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე და დავიწყოთ მოლაპარაკებები. რუსები ამას არ დაეთანხმნენ. ამიტომ ჟენევის მოლაპარაკებების დროს ჩვენ ამერიკელებს ავუხსენით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამ ჩარჩოზე შეთანხმების შემდეგ, არამედ ის უნდა იყოს სრული და უპირობო, ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში და უნდა მოიცავდეს სამხედრო ოპერაციების ყველა ასპექტს, რათა ნამდვილად ეფექტური იყოს“, - ხაზგასმით აღნიშნა ბევზმა.
ერმაკის მრჩეველი ამტკიცებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინისთვის მთავარი პრიორიტეტია, რომელიც წინ უნდა უძღოდეს მოლაპარაკებებს და ლიდერების შეხვედრას კონკრეტული სამშვიდობო ხელშეკრულების განსახილველად.