უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრა
უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა, უკრაინის მოლაპარაკებათა ჯგუფის ხელმძღვანელმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია აბუ-დაბიში დაგეგმილი შეხვედრისთვის გაემგზავრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
უმეროვის თქმით, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს არის დაგეგმილი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ დღეებში აბუ-დაბიში ასევე იქნებიან ევროპული ქვეყნების - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის - წარმომადგენლები, ასევე, ნატოსა და ევროკომისიის წარმომადგენლები.
„ევროპელ პარტნიორებთან ცალკე საკოორდინაციო შეხვედრებს გავმართავთ. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს ყველა ძირითად პარტნიორთან, უზრუნველვყოთ პოზიციების თანხვედრა და მოლაპარაკებების პროცესში შემდეგ ნაბიჯებზე შეთანხმება. როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ევროპა დიპლომატიური პროცესის მონაწილე იყოს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
უმეროვმა ასევე მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის და მუდმივი მხარდაჭერისთვის, ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, „აქტიურობისა და შეხვედრების მომზადებისთვის“.