უკრაინის ანტიკორუფციული პროკურატურა ანდრეი ერმაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას, ან ოთხ მილიონ დოლარამდე გირაოს მოითხოვს
უკრაინის სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ კლიმენკომ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროკურატურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
ალტერნატიულ ზომად პროკურატურა 180 მილიონი გრივნის (დაახლოებით ოთხი მილიონი დოლარის) ოდენობის გირაოს განიხილავს.
კლიმენკომ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ ფიგურირებს გამოძიებაში, რომელიც კიევის სიახლოვეს ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისას ფულის გათეთრებას ეხება.
უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო ერმაკისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხს დღეს განიხილავს.
ცნობისთვის, 11 მაისს ანტიკორუფციულმა პროკურატურამ და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განაცხადეს, რომ ანდრეი ერმაკს ბრალი ედება ორგანიზებული ჯგუფის წევრობაში, რომელიც 460 მილიონი გრივნის (დაახლოებით ათი მილიონი დოლარის) გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. ზელენსკის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი წარედგინა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 209-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრება) გულისხმობს. აღნიშნული მუხლი რვიდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თავად ერმაკი ბრალდებებს უარყოფს. საქმეში სულ ექვსი პირი ფიგურირებს. მათ შორის არიან უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერი ალექსეი ჩერნიშოვი და ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი. გამოძიების ვერსიით, 2021-2025 წლებში ეჭვმიტანილებმა 460 მილიონ გრივნაზე მეტი გაათეთრეს კიევის ოლქის სოფელ კოზინში დაახლოებით რვა ჰექტარზე კოტეჯების დასახლების მშენებლობის გზით. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ეს თანხა სხვადასხვა წყაროდან იყო მიღებული, მათ შორის „ენერგოატომის“ კორუფციული სქემებიდან.