Loading data...
უკრაინელი დეპუტატი: ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებებისგან დიდი მოლოდინები არ გვაქვს

უკრაინელი დეპუტატი და ქვეყნის საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე მერეჟკო აცხადებს, რომ ტრამპისა და პუტინის დღევანდელი შეხვედრის წინ „დიდი მოლოდინები“ არ აქვს. ამის შესახებ მან BBC-სთან ისაუბრა. 

მერეჟკომ განაცხადა, რომ ალასკაში დაგეგმილი სამიტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის „უკვე დიპლომატიური გამარჯვებაა“. მისივე თქმით, ტრამპმა კრემლის ლიდერი „ყურადღების ცენტრში მოაქცია“.

„მე არ ველი რაიმე ხელშესახებ შედეგს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პუტინს არ სურს ომის შეჩერება. მისი მიზანია უკრაინის განადგურება და, როგორც ჩანს, ტრამპს არ სურს სანქციების დაწესება რუსეთისა და მისი მხარდამჭერების მიმართ“, - აღნიშნა უკრაინელმა დეპუტატმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა უკრაინისა და მისი ევროპელი მოკავშირეების გაცხადებული პოზიცია, რომ „უკრაინის ბედი უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ“ და „ჩვენი პრეზიდენტის პირდაპირი მონაწილეობით“.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლაპარაკებებზე არ მიუწვევიათ, თუმცა ტრამპმა 14 აგვისტოს Fox News-ს განუცხადა, რომ თუ შეხვედრა კარგად ჩაივლის და მეორე შეხვედრაც დაიგეგმება, უკრაინის პრეზიდენტს დაუკავშირდებიან.

„შესაძლოა, მათ უკვე მიაღწიეს რაიმე სახის შეთანხმებას, რომელიც შეიძლება სამიტის დროს დაასრულონ“, - აღნიშნა მერეჟკომ და დასძინა: „ჩვენ არაფერი ვიცით და [ეს] უამრავ რისკს ქმნის ჩვენი უსაფრთხოებისა და მომავლისთვის“.