Loading data...
უკრაინაზე რუსეთის ავიაიერიშების დროს მოლდოვის საჰაერო სივრცე საფრენმა აპარატმა დაარღვია

30 აგვისტოს უკრაინის მხრიდან საფრენმა აპარატმა მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია.

ეროვნული არმიის საჰაერო ოპერაციების სამსახურის მიერ აღმოჩენილმა ობიექტმა მოლდოვის საზღვარი უკრაინის ოდესის ოლქის ლიმანსკის რაიონიდან დნესტრისპირეთის რეგიონში, ქალაქ დნესტროვსკის მახლობლად გადაკვეთა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 15:50 საათზე მოხდა.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ობიექტი 10 წუთის შემდეგ იმავე მარშრუტით უკრაინის საჰაერო სივრცეში დაბრუნდა.

„ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის უნებართვო გადაკვეთა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი საჰაერო თავდასხმების შემდეგ მოხდა. ეროვნული ხელისუფლების ორგანოები პარტნიორებთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საჰაერო სივრცის მონიტორინგს აგრძელებენ“, — აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროში.

30 აგვისტოს რუმინეთში, ტულჩას ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში განგაშის მდგომარეობა გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ეროვნული თავდაცვის სამინისტროს რადიოლოკაციურმა სისტემებმა უკრაინის საზღვართან საჰაერო სამიზნე დააფიქსირეს.