„უკრაინაში ტალახში დაიხოცებით“ - ნატოს გენმდივანმა კიევიდან ახალგაზრდა რუსებს მიმართა
უკრაინაში ვიზიტის დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ომში რუსეთის მზარდ დანაკარგებზე ისაუბრა და რუს ახალგაზრდებს საჯაროდ მიმართა.
კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე რუტემ აღნიშნა, რომ ომის მიმდინარეობა შეიცვალა და რუსეთის მხრიდან ჩართულობა სულ უფრო სახიფათო გახდა. მან ახალგაზრდა რუსებს მოუწოდა, ეს გაითვალისწინონ.
„როდესაც უკრაინა ბრძოლის ველზე გამარჯვებას აღწევს, რუსეთი სულ უფრო სასოწარკვეთილი ხდება“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
„რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვანია, თვეში 30 000-ზე მეტი. ეს ნიშნავს, რომ ერთ თვეში რუსეთი უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე საბჭოთა კავშირმა დაკარგა ავღანეთში 1980-იან წლებში 10 წლის განმავლობაში. ეს აბსოლუტურად განსაცვიფრებელი მაჩვენებლებია“, - აღნიშნა რუტემ.
შემდეგ მან „ახალგაზრდა რუსებსა და მათ ოჯახებს“ მიმართა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული პროპაგანდა მათ „ატყუებს“.
„თქვენნაირი ბიჭები ომში სათანადო სამხედრო მომზადების გარეშე მიდიან. აღჭურვილობა, რომელსაც მოგაწვდიან, უხარისხო იქნება. ძალიან მაღალია შანსი, რომ უკრაინაში მოგკლან, ან დაგჭრან და, დიდი ალბათობით, თუ დაიჭრებით, ტალახში დაიხოცებით. ასე რომ, როდესაც ათიათასობით რუსი მსხვერპლის შესახებ ვსაუბრობთ, ეს მხოლოდ აბსტრაქტული ციფრები არ არის. ეს, ალბათ, თქვენ იქნებით“, - განმარტა გენერალურმა მდივანმა.